არა მხოლოდ დეპუტატებს, ჟურნალისტებსაც სჭირდებათ ეთიკის სტანდარტები – გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ ჟურნალისტებს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც სჭირდება ეთიკური სტანდარტები, რადგან ადამიანებს შორის ურთიერთობები შეუძლებელი ხდება გარკვეული ეთიკური სტანდარტის გარეშე.

​გუგული მაღრაძე ჟურნალისტის ეთიკაზეც საუბრობს და კონკრეტული ფაქტი მოჰყავს: “აშშ-ში ვიმყოფებოდი რამდენიმე დღით ვიზიტით. ჩამოსულს დამხვდა ინფორმაცია, რომ თითქოს წარმოვადგინე საკანონდებლო ინიციატივა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქცევის შესახებ. არაერთხელ დაუბრალებია მედიასაშუალებებს არაერთი ჭორი და გამონათქვამი, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ყოველთვის, როცა მსგავსი რამ აგორდა ჩემს წინააღმდეგ, შემოვიფარგლები ხოლმე საპასუხო განცხადებებით. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ტიპის ჟურნალისტების საქციელი არ დასრულებულა და გრძელდება ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ უპასუხისმგებლო და უხამსი საქციელი”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატი მოითხოვს, არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამავრცელებელმა მედიასაშუალებებმა, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას შეცდომაში შეყვანისთვის და აღიარონ რომ დაარღვიეს ეთიკის კოდექსი.

დეპუტატმა პარლამენტში ეთიკის კოდექსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის წინააღმდეგობები, რაც ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით არის პარლამენტში, უსაფუძვლოა. საქართველოს პარლამენტს უნდა ჰქონდეს ეთიკის კოდი, სხვა ცივილური ქვეყნების მსგავსად, რაც დეპუტატის შეფასებით იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.

“ასეთი რეგულაციები არსებობს ევროპის ქვეყნების ბევრს პარლამენტში. ​დეპუტატებს აქვთ თმენის ვალდებულება. გარკვეული სანქციები უნდა არსებობდეს, მაგრამ კიდევ კარგად უნდა გადავხედოთ, რომ სანქციები შესრულებადი იყოს, – შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, დისციპლინის დარღვევა, საკუთარი მდგომარეობის ვინმეს სასარგებლოდ გამოყენება, ლობისტების მუშაობა, უნდა იყოს დარეგულირებული”, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

​მისივე თქმით, ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში უნდა მოიაზრებოდეს პრინციპული და წესიერი ადამიანები,  რომლებსაც პიროვნულად ენდობა პარლამენტის უმრავლესობა და მის მიერ ნათქვამ სიტყვას იქნება ნდობის მაღალი ხარისხი.

მსგავსი თემები