არალეგალების მასშტაბური დეპორტაცია ისრაელიდან – ქართველები სამუშაოდან აიყვანეს

ისრაელში, ჯგუფურად დაკავებული ქართველების ნაწილი უკვე საქართველოში გამოადეპორტეს, ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 40-მდე საქართველოს მოქალაქე, რომლებიც იქ არალეგალურად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. როგორც დაკავებულები ამბობენ, მათ საკნებში არაადამიანურად ექცევიან და წყალსაც კი არ აწვდიან. ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში არიან.

ამჯერად, ქართველების ასაყვანად, სპეცოპერაცია, ხორც-პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარდა. ამ ერთი საწარმოდან 30-მდე არალეგალი ქართველი აიყვანეს, რომელთაც ისრაელში ცხოვრების ვადა ამოწურული ჰქონდათ. როგორც ისრაელში მცხოვრები ქართველები აცხადებენ, ბოლო თვეების განმავლობაში მათ გამალებით ეძებენ და დევნიან. საგარეო უწყება ქართველთა დაკავებას ადასტურებს, თუმცა, მათ მიმართ ცუდ მოპყრობას და დევნას გამორიცხავს.

„ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია. ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტაციო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. თორმეტივე მოქალაქისთვის ეტაპობრივად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა. ეს მოქალაქეები დაკავებული იქნენ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს, რაიმე მასიური დაკავებები არ მიმდინარეობს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მსგავსი თემები

One Thought to “არალეგალების მასშტაბური დეპორტაცია ისრაელიდან – ქართველები სამუშაოდან აიყვანეს”

  1. ბესიკი

    ჩვენი პრეზიდენტი ამ დროს სადაა ?