“არავითარი პოლიტიკური ლიდერი, ჩვეულებრივი მევახშეა“ – დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძეზე

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სვლაში ლიდერს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ის პოლიტიკური ლიდერი ვერ იქნება. აღნიშნული განცხადება ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„პოლიტიკური ლიდერი რომ გახდე, ამისთვის პოლიტიკა უნდა იცოდე, რაზეც მას არანაირი ცოდნა არ გააჩნია. ძალიან სასაცილოა, პატრიოტიზმმა ახლა გაიღვიძა მასში.  მთელი მისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ჩვეულებრივი მევახშეობით იყო დაკავებული. ის, რომ ბინებს ვიღაცებს აჩუქებს, ვფიქრობ, ეს ახალი ცინიზმია, რადგან ჩემთან ყოველდღიურად მოდის უამრავი ადამიანი, ვინც დაზარალებულია მისი საქმიანობით, თუნდაც იმ მიკროსაფინანსოებით და იმ მევახშური საქმიანობით, რასაც ზოგადად ბანკები ეწევიან ამდენი ხნის განმავლობაში“, – ასე შეაფასა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მამუკა ხაზარაძის საქმიანობა.

რაც შეეხება ხაზარაძის მიერ დაანონსებულ ახალგაზრდულ მოძრაობას, ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდები პოლიტიკური ბრძოლისთვის არ უნდა გამოიყენო.

„რაც შეეხება ახალგაზრდების გვერდით დაყენებაა,  ისინი პოლიტიკური ბრძოლისთვის კი არ უნდა გამოიყენო, ქვეყანაში ისეთი კლიმატი უნდა შექმნა, ეკონომიკური გარემო, რომ ამ ახალგაზრდებს პოლიტიკაში გაქცევა კი არ უნდოდეთ, ქვეყნის აღმშენებლობა უნდა სურდეთ და ჰქონდეთ საშუალება, ქვეყანას და საკუთარ თავს ემსახურონ, საკუთარი მომავალი თავად შექმნან და არა – ვიღაცის დავალებით. სამწუხაროდ შევეჩვიეთ, რომ ახალგაზრდები მარტო საარჩევნოდ, პოლიტიკური ბრძოლისას გვახსენდება, პლაკატების გასაკრავად და ჩამოსახსნელად”, – განაცხადა ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები