ან შეკრება ჟენევაში, ან შეიარაღების გაზრდა და ომი – ასეთია კარასინის გზავნილი

რუსეთის საგარეო უწყების მეორე პირი, გრიგორი კარასინი ჟენევის ფორმატის ალტერნატივად შეიარაღების გაზრდასა და ომს განიხილავს. როგორც მან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა, მესამე ალტერნატივა არ არსებობს.

„სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ეს ერთადერთი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა, დამატებითი ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ“ – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2-3- ივლისს გაიმართა, მორიგი შეხვედრა კი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს შედგება.

მსგავსი თემები