“ანაკლიის პროექტით ბევრი ქვეყანა ინტერესდება” – ნათია თურნავა

“ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს დავძრავთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები და როგორ ვაქციოთ ჩვენი პორტები და პორტების გავლით სერვისები უფრო სწრაფი და ეფექტიანი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების და განვითარების გარეშე შეუძლებელია ამის მიღწევა. ამიტომ ამ პროექტით ძალიან ბევრი ქვეყანა ინტერესდება. ჩვენ ამ პროექტის ძალიან მაღალ მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ და ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, როგორ უჭერს მხარს მთავრობა ამ რთულ, მაგრამ საჭირო პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მთავრობა მზად არის აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ყველა დისკუსიისთვის.

მსგავსი თემები