“ამ დაწყებულ ბრძოლას შუა გზაზე არ მივატოვებ” – მეუფე პეტრე საეკლესიო სასამართლოს ელოდება

ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსი, მეუფე პეტრე საეკლესიო სასამართლოს ელოდება და ამბობს, რომ საჯარო აქტიურობას გეგმავს. მეუფე შიომღვიმის მონასტერში წასვლას, რაზეც მას პატრიარქმა მიუთითა, არ აპირებს და ამბობს, რომ ის საცხოვრებელ ადგილს თავად გადაწყვეტს და პატრიარქის პასუხს დაელოდება.  

“მაშინვე ვთქვი, რომ მონასტერში გაგზავნის გადაწყვეტილებას არ ვემორჩილებოდი. ამიტომაც შევთავაზე ჩემი ვარიანტი. მონასტერში მყოფი, ხარისხშეჩერებული სასულიერო პირი უნდა იყოს მონასტრის წინამძღოლის მორჩილებაში და ვინაიდან, მე ვაპირებ საჯარო აქტიურობას და რაღაც დონეზე თვალყურს ვადევნებ მიმდინარე პროცესებს, აქედან გამომდინარე, შევარჩევ ისეთ ადგილს, სადაც ვიცხოვრებ. დაველოდები საეკლესიო სასამართლოს ანთიმოზ ივერიელის პრინციპით – “ღმერთო, მომეცი ძალა, ის რისი შეცვლაც შესაძლებელია, მომეცი ძალა დავითმინო ის, რისი შეცვლაც შეუძლებელია და მომეცი სიბრძნე გავარჩიო ერთი მეორისგან”, – აცხადებს მეუფე პეტრე.

როგორც ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, დაწყებულ აქტიურობას შუა გზაზე ვერ მიატოვებს.

„თუ მე დავთანხმდები ჩემს სასჯელს, მაშინ შიომღვიმის მონასტრიდან ჩემი აქტიურობა შეუძლებელი იქნებოდა. ამ დაწყებულ ბრძოლას შუაგზაზე არ მივატოვებ. წყალში არ ჩავყრი ყველაფერს. მახსენდება ერთი მარტვილელი ჭაბუკის მოწერილი წერილი, რომელიც ევროპაში სწავლობს. მეუფეო, მე მჯერა თქვენი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მთელს დედამიწაზე, სამყაროში, ერთადერთი მე რომ დავრჩე, ვისაც თქვენი სჯერა, ჩემს გამო იბრძოლეთ ბოლომდე. სიკვდილამდე მემახსოვრება ამ ახალგაზრდას სიტყვები და სიკვდილამდე ვიბრძოლებ საქარველოს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე საეკლესიო სასამართლოს დაელოდება: „ჩემი ნათქვამის დამტკიცების საშუალება სინოდზე არ მომეცა. ამ პრობლემასთან მიმართებაში, მე იმ აზრზე ვრჩები, რომ ერთადერთი გამოსავალი აქ გარანტია, რომ რჯულის კანონი ამოქმედდება და საეკლესიო სასამართლოს საშუალებით იქნება ეს ყველაფერი გადაწყვეტილი“.

მსგავსი თემები