„ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზიანი და შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში თავის თავს” – ბექა ნაცვლიშვილი უგულავა – ოქრუაშვილის შეწყალებაზე

დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, არავის აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს პროკურატურამ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება გიგი გულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების თაობაზე, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისინი დამოუკიდებლად შეიწყალა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გაუაზრებელი და უპრინციპო ნაბიჯებით ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზიანი და შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში თავის თავს, მაგრამ ამაზე არავინ დარდობს. საგანგაშო ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გაუაზრებელი და უპრინციპო ნაბიჯებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი მხოლოდ საზღვრების ურღვეობას არ გულისხმობს. ეს არის ხალხის უფლება, საკუთარი რესურსები და ბედი თავად განკარგოს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამასთან ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს მიეცათ საუფუძველი, ჩარეულიყვნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში, არამედ  ზოგიერთმა ქვეყნის რესურსებისა და ეკონომიკის მოწყობის საკითხებშიც გადაწყვიტა ჩარევა.

„ქართული ოცნების“ უგნურმა პლიტიკამ საფუძველი გაუჩინა სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს, ჩარეულიყვნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში, არამედ ზოგიერთ მათგანს მადა გაეხსნა და ქვეყნის რესურსებისა და ეკონომიკის მოწყობის საკითხებშიც გადაწყვიტეს ჩარევა.

ამას ცხადყოფს რიგი ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებები, წერილები, რომლებიც პირდაპირ უარყოფენ დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილების უფლებას, განკარგოს, საკუთარი ბუნებრივი რესურსები და საგადასახადო და მარეგულირებელი პოლიტიკა საკუთარი შეხედულებებისამებრ წარმართოს.

არც კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობა და არც ანაკლიის პორტი არ ეხება პეპლის საჭერი ბადეების წარმოებას საქართველოში. ისინი საქართველოს ბუნებრივი რესურსების განკარგვას ეხება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განმარტებით,  არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განკარგვის საკითხებში მათი კომერციული, თუ გეოპოლიტიკური ინტერესების მიუხედავად.

„ამ პრინციპს პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოს პოლიტიკოსებმა ისე, როგორც ისინი მოითხოვენ სხვა ქვეყნების მხრიდან საკუთარი სახელმწიფოს სუვერენულ პატივისცემას. ყველა უნდა შეეგუოს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, მოდის თუ არა ეს გადაწყვეტილება თუ გინდა ამერიკის თუ სხვა პარტნიორის გეოპოლიტიკურ, თუ კომერციულ ინტერსებთან წინააღმდეგობაში.

ამერიკა ჩვენი პარტნიორია, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის უგნურ გადაწყვეტილებებს პასუხს გასცემს ქართველი ხალხი, რაც არის მისი სუვერენული უფლება და არა რომელიმე ქვეყნის, თუნდ, პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკოსების.

საქართველო არ არის უბრალოდ გეოგრაფიული არეალი. აქ ცხოვრობს ხალხი საკუთარი წარსულით, საკუთარი მისწარაფებებით და საკუთარი მომავლით.

დაუშვებელია, რომ თუნდაც, პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსები საქართველოს მხოლოდ გეოპოლიტიკურ ჭრილში განიხილავდნენ. დემოკრატიის ხელშეწყობა სწორედ ის არის, რომ ქართველმა ხალხმა განკარგოს საკუთარი რესურსები და საკუთარი ხელისუფლების ბედი.

ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ კოლონიალური ცნობიერების მთავრობები და პოლიტიკური სპექტრი გვყავს, რომელიც საკუთარი თავის ლეგიტიმაციას არა საკუთარი ხალხის მიერ, არამედ სხვა ქვეყნებიდან ელის.

ამიტომ, სამარცხვინო და საზიანოა ყველა იმ პოლიტიკოსის განცხადება, რომელიც სიხარულით შეხვდა კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებებსა და წერილებს.

დაახლოებით ერთი თვის წინ 9 აპრილი ვიზეიმეთ, 9 აპრილს დაღუპულებს თავი იმისთვის არ გაუწირავთ, რომ ქვეყანა ვინმეს ვასალი ყოფილიყო, არამედ მათ თავი გაწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ტანკებით დაგიპყრობენ, თუ ფულით დაგიქვემდებარებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ საკუთარ სუვერენულ უფლებას კარგავ. ქართველი ხალხის არჩევანი არ ყოფილა, რომ ვინმეს კოლონია ან ვასალი ყოფილიყო, მისი არჩევანი იყო და არის მისი დამოუკიდებლობა. „ქართული ოცნება“ ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ, უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენ გავხდეთ ღირსეული პარტნიორი ყველასთვის და არა – ვასალი“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი თემები