„ამ ადამიანმა არჩევნებამდე ომი გამოაცხადა, ხალხს ომი კი არა, არჩევნები უნდოდა“ – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე  არჩევნების არსებულ შედეგებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მიაწერს. როგორც დეპუტატი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, იქ, სადაც ადმინისტრაციული რესურსი ვერ გამოიყენეს, შედეგები ცუდია.

დავით ჭიჭინაძე: „არ ვიცი, სხვაგან რა ხდებოდა, მაგრამ ჩვენთან, ჭიათურაში, საკმაოდ დიდი ადმინისტრაციული რესურსი იქნა გამოყენებული. ძალიან ბევრი ადამიანი იქნა მობილიზებული თბილისში და ჩაყვანილი ჭიათურაში. ყველაზე ცუდი იყო ის, რომ სადაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი, იქ უბნები რომ გაიხსნა, #41 და #5 ნომერი ერთ კონვერტში იყო მოთავსებული. მაჟორიტარს ხუთიანს აძლევდნენ ხმას.  ძალიან ბევრი უბანია ასეთი, სადაც ქართულ ოცნებას არასდროს მოუგია, თუმცა, ამ არჩევნებზე 90%-იანი შედეგი დადო. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები მიუერთდნენ „ქართულ ოცნებას“.

„მედიაცენტრი მთავარი:“  ფიქრობთ, რომ მმართველი გუნდის კანდიდატებმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოიგეს შუალედური არჩევნები?

დავით ჭიჭინაძე: არსებული შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ საკმაოდ დიდი რესურსი იქნა გამოყენებული. საკმაოდ კარგი მობილიზება ჰქონდათ. იქ სადაც პრაქტიკულად ყოველთვის ოპოზიცია იგებდა , ის უბნებიც პრაქტიკულად წაგებული აქვთ. „ქართულმა ოცნებამ“, სხვადასხვა გზებით, ამომრჩევლის გადაბირება მოახერხა.

რაც შეეხება არჩევნებში ჩვენს მონაწილეობას, ძალიან მოკლე ვადა გვქონდა, ამ მოკლე ვადაში პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიას გადავასწარით მე და ჩემს მიერ წარდგენილმა  მაჟორიტარმა კანდიდატმა ზურაბ კუპატაძემ. ის მეორე ადგილზე და გავიდა და ხმების 18% აიღო. დასაფიქრებელია 800-მდე გაუქმებული ბიულეტენიც.  ამ ოდენობის გაუქმებული ბიულეტენები კარგი და დადებითი ტენდენცია ნამდვილად არ არის.

 „მედიაცენტრი მთავარი:“ მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურის მოლოდინი ზუგდიდშიც იყო, მეორე ტური მხოლოდ მთაწმინდაზე გაიმართება. როგორია მოლოდინი?

დავით ჭიჭინაძე: არჩევნების წინა დღეს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ამომრჩეველზე. განცხადება შეტევაზე, ბრძოლაზე. არ უნდა ხალხს შეტევა და ბრძოლა, ძალიან ბევრი ამომრჩეველი დაკარგა ამ განცხადებით. ხალხს არჩევნები უნდოდა და არა ბრძოლა და შეტევა. ამ ადამიანმა კი არჩევნებამდე ომი გამოაცხადა. პრაქტიკულად, ეს იმის მანიშნებელია რომ დესტრუქციული ქმედებებისთვის იყო მოწოდება.

იცით, რომ მთაწმინდა თბილისის ცენტრია. ერთხელ კიდევ ვნახეთ, რომ მთაწმინდა ყოველთვის განწყობილი იყო ანტი ნაციონალურად.  საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც,  უფრო მეტად იყო „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა. ახლა, ხედავთ, რომ მათი მხარდაჭერა შემცირებულია. ეს მიანიშნებს, რომ იქ სადაც ხელისუფლება ვერ ახერხებს რესურსის გამოყენებას, იქ მისი შედეგები უარესდება. თუ მეორე ტურში ოპოზიცია შეძლებს გარკვეული სწორი მესიჯის მიტანას, მთაწმინდაზე გამარჯვების შანსი ექნება.”

მსგავსი თემები