„ამ ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ვიცი, რისი თავი აქვთ“ – დავით ჭიჭინაძე მარგველაშვილ-კვირიკაშვილზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის ან გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკურ ამინდს დადებითად ვერ შეცვლის, რადგან, მათ საკუთარი შესაძლებლობები არაერთხელ გამოაჩინეს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნებაზე დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.      

„მე ამ ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ისიც ვნახე, რისი თავი აქვთ მათ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყნის სასიკეთოდ, არც ერთს, არც ერთი ნაბიჯი გადაუდგია. შეგიძლიათ ნახოთ მათი განვლილი გზა და დაასახელოთ ერთი კარგი რამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება. მარგველაშვილმა, მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუ მას „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება არ ჰქონდა, რატომ თქვა უარი?! თან ოპოზიცია ეუბნებოდა, თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, არავინ არ დააყენებდა სხვა და მხარს მას დაუჭერდნენ. არც ერთი მომენტი მახსოვს,  როდესაც წინააღმდეგობა გაუწია „ქართულ ოცნებას“ და  ბიძინა ივანიშვილის“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მან, პრეზიდენტობისას,  გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ვეტოების ხშირ გამოყენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ამით ერთობოდა: „არც ერთი კრიტიკული  მომენტი არ მახსოვს მისი მხრიდან. ის, რომ ვეტოებს ადებდა რაღაცას, უბრალოდ გართობა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულ ოცნებას“ იმხელა რესურსი ჰქონდა დეპუტატების, რომ ვეტოს დაძლევა სეირის ყურება იყო, მეტი არაფერი“.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები