“ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს” – დონალდ ტრამპი გიორგი გახარიას

დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერს, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს! ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები ამერიკული და ნატო-ს ძალების მხარდამხარ მსახურობენ. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ კორონავირუსის უპრეცედენტო გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად. ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე – ეკონომიკის დივერსიფიკაციაში. გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის მილოცვაში.

მსგავსი თემები