აზერბაიჯანში თანამედროვე ქართული სკოლა გაიხსნა

აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა საზეიმოდ გაიხსნა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის 160 მოსწავლე ახალ სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შენობაში დაიწყებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად, შესაბამისი თანხა სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ. მან მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა სწავლის პროცესში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში, საქართველოს საელჩოს თაოსნობით დაგეგმილია შენობის სასკოლო ტექნიკით აღჭურვა.

მსგავსი თემები