ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეს წარმომადგენლობითი ფუნქცია უნდა მიენიჭოს – კობა ნარჩემაშვილი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ ორბელიანების სასახლე, თავისი ისტორიული შინაარსით და ადგილმდებარეობით, ქვეყნის პრეზიდენტს ყველაზე მეტად მიესადაგება. ხოლო ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეს წარმომადგენლობითი ფუნქცია უნდა მიენიჭოს, სადაც საგარეო საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტროები, ასევე, პრეზიდენტი შეძლებს მაღალი დონის შეხვედრების გამართვას.

როგორც კობა ნარჩემაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ის აუცილებლად დააყენებს მმართველ გუნდში.

“ეს არ უნდა იყოს ვინმეს შენობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამიტომ მივიჩნევ, რომ ეს იყოს ისეთი ადგილი, სადაც მთავრობა მიიღებს მაღალი დონის სტუმრებს. არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა სამინისტროებიც. მე სწორედ ამ იდეას ვემხრობი და აუცილებლად დავაყენებ საკითხს თუ მივიღებ კონსულტაციებში მონაწილეობას. წარმომადგენლობით ფუნქციაში განისაზღვრება, რომ ეს შენობა იყოს მაღალი დონის შეხვედრის ადგილი, არამარტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის სტუმრების შეხვედრის ადგილი“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მედიაცენტრ მთავარში“ მან პარლამენტის ქუთაისიდან ისევ დედაქალაქში გადმოტანაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ იდეას მხარს არ უჭერს.

„ჯერჯერობით ქუთაისის პარლამენტთან დაკავშირებით, ჩვენ ბოლო მოსმენით არ მიგვიღია რეგლამენტი ამიტომ, შეიძლება დარჩეს პარლამენტი ქუთაისშიც და თბილისშიც. მე არ ვუჭერ მხარს რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვიტანოთ. ქუთაისის შენობისთვის რა ხარჯებიც არის გასაწევი, ამით არ შემცირდება. ამიტომაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ჯიბიდან ამოვიღებთ და მეორეში ჩავდებთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რეგლამენტის პროექტისთვის ჯერჯერობით კენჭი არ გვიყრია მეორე მოსმენით. ყოველ შემთხვევაში მე კიდევ ვეცდები დავარწმუნო კოლეგები იმაში, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა შევინარჩუნოთ,“- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მსგავსი თემები