ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადებასთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა ცენტრი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

” საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველია ბუნებრივი ან ტექნოლოგიური კატასტროფა ან ეპიდემია, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

საქართველოს კონსტიტუციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება საგრძნობლად გაიზრდება და ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე რეალური იქნება.დღეისათვის მთავრობა ისედაც ატარებს რამდენიმე შემზღუდველ ღონისძიებას, რაც შეიძლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას არსებობდეს, მაგრამ ოფიციალურად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის.

სხვა ქვეყნების პრაქტიკას თუ გადავხედავთ, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სახის შეზღუდვა დაწესდა: დაიხურა ყველა ბაზარი, სავაჭრო და გასართობი ცენტრი; დაიხურა თეატრები, კინო და მუზეუმები; აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები; შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი; სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამოცხადდა კარანტინი; სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ; აიკრძალა ქვეყანაში შესვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენენ. მსგავსი სახის შეზღუდვები, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ამ ეტაპზე გაატარა, რაც ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებებად შეიძლება შეფასდეს.

ამავე დროს, არსებული შეზღუდვები მოცემულ ეტაპზე რელევანტურია და ემსახურებამოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას.ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს, რადგან საგანგებო მდგომარეობას, თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, შეიძლება მოჰყვეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, რიგ შემთხვევებში კი – უფლებებში არაპროპორციული ჩარევაც.სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად შეიზღუდოს. დღევანდელი მოცემულობით, გავრცელებული ვირუსის კონტროლი ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა ეპიდემიის რისკის წინაშე დადგება, აუცილებელი გახდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

საგანგებო მდგომარეობა არ გულისხმობს ინსტიტუტების ჩამოშლას და კონსტიტუციით აღიარებული უფლებების მუდმივად შეზღუდვას. პირიქით – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა. ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის. ამავე დროს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ყველა ინტიტუტის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ახდენს ზეგავლენას და შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზეც. ქვეყნის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა გულისხმობს ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, რაც შესასრულებად სავალდებულოა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას,იცხოვროს ჩვეული რიტმით, რადგან პრეზიდენტს დეკრეტით შესაძლებელია, შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მთელი რიგი მუხლებით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები.არსებული კანონმდებლობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. თანახელმოწერილი პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან. პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი ბრძანებას ამტკიცებს შეკრებისთანავე.

თუ საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი კი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.სიტუაციის გათვალისწიებით სახელმწიფომ შეიძლება მოახდინოს ინტერვენცია ადამიანის ძირითად უფლებებში, რადგან ქვეყნის უზენაესი კანონი – კონსტიტუცია, საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს უფლებას, ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეზღუდოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები, როგორიცაა: თავისუფლების უფლება; მიმოსვლის თავისუფლების ფარგლები; პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები; აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებების ფარგლები; საკუთრების უფლების ფარგლები; შეკრების თავისუფლება, შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება.საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს შეუძლიათ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი; შეიტანონ ცვლილებანი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში; აგრეთვე, გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის საკითხები; დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი; ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით; შემოიღონ კომენდანტის საათი და სხვა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას გასათვალისწინებელია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი, რაც შესაძლოა, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად კითხვის ქვეშ დადგეს. დღეისათვის შეუძლებელია განსაზღვრა, ვირუსის დამარცხებას რა დრო დასჭირდება. საგანგებო მდგომარეობა თუკი გამოცხადდა და სახელმწიფო ოქტომბერშიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იქნება,საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში არ ჩატარდება, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას საყოველთავო არჩევნები არ ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, მეტად მოქნილი იყოს თავის ქმედებებში მოქალაქეთა რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისას.

ამ ეტაპზე ის რეკომენდაციები, რასაც ხელისუფლება გასცემს, არ ატარებს სავალდებულო ხასიათს. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში კი, მითითებები ყველასთვის სავალდებულო იქნება. სიტუაციის გათვალისწინებით, დაწესებულებები მოცემულ ეტაპზე ხელისუფლების რეკომენდაციას არ უგულვებელყოფენ, რაც იძლევაშესაძლებლობას, რომ გარკვეული პერიოდი შენარჩუნდეს ისეთი წესრიგი, როცა საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული და მოქალაქეები, საჯარო უწყებები, დაწესებულებები თუ საწარმოები საკუთარი სურვილით ასრულებენ ხელისუფლების რეკომენდაციებს.ბუნებრივია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადავადება დამოკიდებულია მოსახლეობის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებაზე. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი უკუშედეგი ჰქონდეს როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამდენად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ და თითოეულმა მოქალაქემ კოორდინირებულად იმოქმედოს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიად ქცევის რისკის პრევენციისთვის, რათა ვითარება იმდენად არ დამძიმდეს, რომ აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები