აგვისტოს ომის დროს დაკარგულად გამოცხადებული 100 000 ლარამდე ღირებულის იარაღი აღმოაჩინეს 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განადგურებული და დაკარგული ქონების სახით აღრიცხული 95.5 ათასი ლარის ღირებულების იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ქვედანაყოფში აღმოაჩინეს.

​როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ  ანგარიშშია განმარტებული, იარაღი წლების განმავლობაში ინახებოდა შესაბამის დანაყოფში, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ შესაბამისი წერილობითი შეკითხვის შემდეგ ეცნობა ეკონომიკურ დეპარტამენტს.

“მინისტრის 2009 წლის N189 ბრძანებით განსაზღვრულია ექსპლუატაციაში მყოფი მატერიალური მარაგების საცნობარო მუხლებში ასახვის კრიტერიუმები, თუმცა აღნიშნული ბრძანება ძველია და არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. სამინისტროში, ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხს. შედეგად, ხშირია სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულად დიდი დაგვიანებით ასახვის ფაქტები, რაც სამინისტროს ამ სტრუქტურულ ერთეულებს შორის არსებულ არასაკმარის კომუნიკაციაზე მიუთითებს. მაგალითად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რუსეთ-საქართველოს ომის დროს განადგურებული და დაკარგული ქონების სახით რიცხული 95.9 ათასი ლარის ღირებულების იარაღი აღმოჩენილ იქნა შს სამინისტროს დანაყოფში. იარაღი წლების მანძილზე ინახებოდა შესაბამის დანაყოფში, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ შესაბამისი წერილობითი შეკითხვის შემდეგ ეცნობა ეკონომიკურ დეპარტამენტს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციით თანახმად, N1356 საბალანსო ანგარიშზე 2003-2004 წლებიდან ირიცხება 182.4 ათასი ლარის დანაკლისი, რომლის წარმოშობის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები სამინისტროში არ არსებობს. ბალანსზე აქტივებად ირიცხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განადგურებული და დაკარგული ქონების საბალანსო ღირებულება 4,982.2 ათასი ლარის ოდენობით, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში იწვევს აქტივების ნაშთის ზედმეტად წარმოდგენას.

მათივე ინფორმაციით, 2007 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით ლიკვიდირებული სსიპ სპეციალიზებული სამთო მაშველის სალიკვიდაციო ბალანსში ფიგურირებს 8 დასახელების 5.2 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების მანქანა-დანადგარები და ინვენტარი, რომლებიც 2017 წელს ისე აისახა ცენტრალური აპარატის ბალანსზე, რომ მიღება-ჩაბარება არ განხორციელებულა. აქედან, 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, საბალანსო ღირებულებით 4.8 ათასი ლარი, წლის ბოლოს ჩატარებული ინვენტარიზაციით დაფიქსირდა დანაკლისად და აღირიცხა, როგორც მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით, ისე რომ არ არის დადგენილ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი. სამინისტროს კუთვნილი აქტივების ნაწილი, განსაკუთრებით იარაღი და სხვა სპეცდანიშნულების ქონება, სხვადასხვა მიზეზების გამო მხოლოდ რაოდენობრივად არის აღრიცხული, ანუ წარმოდგენილია ღირებულების გარეშე. ამიტომ, სამინისტროს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში არც მათი ღირებულება აისახება. შედეგად, სამინისტროს კუთვნილი აქტივების ჯამური ღირებულება შემცირებულად არის წარმოდგენილი.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, სამინისტროს არ აქვს განსაზღვრული და დამტკიცებული სააღრიცხვო პოლიტიკა, რაც ზრდის ფინანსური ანგარიშგების არასწორად მომზადებისა და წარდგენის რისკებს.

​აუდიტის სამსახური შსს-ს ავალებს, გაააქტიუროს საქმიანობა რუსეთ-საქართველოს ომის დროს განადგურებულად და დაკარგულად აღრიცხული ქონების შესახებ არსებული მონაცემების დაზუსტების და შესაფერისი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით.

 

მსგავსი თემები