აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაფრისმომცემია, პარლამენტთაშორისი ჯგუფი უნდა შეიქმნას – გიორგი ლომია

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია, საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებების აბაშიძე-კარასინის ფორმატს არაეფექტიანად მიიჩნევს და დიალოგის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის ფორმატში წარმართვის, ასევე, სახალხო დიპლომატიის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობს.  

როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძე – კარასინის ფორმატი სახელისუფლებო დონეზეა შექმნილი, ის არაფრის მომტანია. ის უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ორ ქვეყანას შორის დიალოგი სხვა რელსებზე გადავიდეს, შეიქმნას დიალოგის ჯგუფი და ქართულმა მხარემ რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს.  

“​მე რუსეთთან დიალოგის ჯგუფის წევრი ვარ, მაგრამ ეს არის არაფორმალური ჯგუფი, იმიტომ, რომ პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია არ გვაქვს. ჩვენი ფრაქციის რამდენიმე დეპუტატი ჩადის რუსეთში და ვესაუბრებით ჩვენს კოლეგებს დუმაში ან ფედერალურ საბჭოში. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა შეიქმნას ლეგიტიმაციის მქონე საპარლამენტო ჯგუფი. ამით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე  სახელისუფლებო ფორმატში მოლაპარაკებით. არ შეიძლება მუდმივად დაპირისპირებული იყო ისეთ მეზობელთან, როგორიც არის რუსეთი და სადაც მილიონობით ემიგრანტი გყავს. მზრუნველი ხელისუფლება თუ ხარ, უნდა გააანალიზო, რა გემუქრება რუსეთთან მუდმივი დაპირისპირებით. უნდა ააცილო ეს საფრთხე შენს მოსახლეობას”, – აცხადებს გიორგი ლომია. 

მისივე თქმით, საქართველო დიდი ხნის წინ დაალაგებდა რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობას, ამის პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს და ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ასრულებს დასავლეთის მითითებებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მითითებების პირდაპირი შესრულება საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის.

“ქვეყანას ხელისუფლება იმიტომ ყავს, რომ პირველ რიგში ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს. ჩვენ დავდივართ რუსეთში და ველაპარაკებით მათ, რომ ჩვენი ორიენტაცია და გეზი აღებულია დასავლეთისკენ და რომ ევროპული ღირებულებები და ფასეულობები ჩვენთვის უცხო არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთზე უარი ვთქვათ. რუსეთის ბაზარს ვერ შეცვლის ვერც ერთი სხვა ქვეყნია ბაზარი, ჩვენი ეკონომიკის დაახლოებით 40%, შესაძლოა დამოკიდებული გახდეს რუსეთის ბაზარზე და ჩვენი გლეხი, რომელიც დღეს ვერ ყიდის ვაშლს, ატამს, ყურძენს, ხვალ, რომ გავალთ იმ ბაზარზე ადვილად გაიტანს პროდუქციას”, – განაცხადა ლომიამ “მთავარში”. 

მისივე თქმით, რუსეთში მილიონობით ქართველი ცხოვრობს და ქვეყნებს შორის მუდმივი დაპირისპირება მათ პრობლემებს უქმნის.

“ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ სანამ რუსეთის ჯარი იდგება ჩვენს ტერიტორიაზე, მანამდე რუსეთი იქნება ოკუპანტი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ის ოკუპანტია, არანაირი ურთიერთობა არ გვქონდეს მასთან. ბორჯომის ხეობა რომ იწვოდა, ათეული ჰექტარი ტყე განადგურდა, რას ამბობდა მაშინ ჩვენი ხელისუფლება, – არ მივიღებთ დახმარებას რუსეთის მხრიდან, იმიტომ, რომ ის ოკუპანტიაო. მაშინ “ბორჯომს” რატომ ყიდი რუსეთში”, – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ -ერთი ლიდერი გიორგი ლომია.   

მსგავსი თემები