“როგორც კი არჩევნები ჩატარდება, კიდევ უფრო დამძიმდება პროცესები, მუდმივად რყევებში ვიქნებით” – თამარ ჩუგოშვილი

უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ქვეყანაში დაამძიმებს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობას და ამაზე პასუხისმგებელი ის ადამიანები იქნებიან, ვინც კანონპროექტის ჩაგდების ინიციატორი და შემსრულებელი იყო.

“ჩემი მოლოდინი არის ასეთი: ეს ქუჩის პროცესები კიდევ უფრო დამძიმდება არჩევნების შემდგომ. არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით. მე არ მგონია, რომ ახლა ქვეყანაში არსებობს სივრცე, რომ ისევ შეთანხმდნენ პოლიტიკური ძალები და პროპორციულზე გადავიდეთ. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება ისევ. შერეულმა სისტემამ რაღაც წლები იმუშავა, მაგრამ აღარ მუშაობს უკვე. როდესაც პოლიტიკურ ძალას აქვს რაღაც პროცენტი და ეს ამომრჩევლების ნახევარიც კი არ არის ამომრჩევლების და ის საპარლამენტო ადგილების უდიდეს უმრავლესობას იღებს, 100-120 ადგილს და ა.შ. ის ქვეყნის ბედს წყვეტს ისე, რომ მოსახლეობის ნახევარი არ მონაწილეობს ამაში. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა დგება კითხვისნიშნის ქვეშ.

როგორც კი არჩევნები დამთავრდება, ძალაში შევა პროპორციული სისტემა. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დარჩება თამაშს მიღმა, ან დარჩება არაპროპორციულად პარლამენტში წარმოდგენილი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გამოიწვიოს ვადამდელი არჩევნები. ამ რყევებში ვიქნებით ჩვენ წლების განმავლობაში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები