“უგულავას დაკავებამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეცვალა. ესაა პარტნიორებისთვის სილის გაწნა” – გიორგი მარგველაშვილი

“გიგი უგულავას დაკავებამ შეცვალა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში და ის, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარია. უგულავას დაკავება არამხოლოდ ჩვენთვისაა მიუღებელი ფაქტი, არამედ ესაა სილა, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს”, – ასე აფასებს საქართველო ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების.

მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლებამ, გიგი უგულავას დაკავებით, დასავლეთს მესიჯი გაუგზავნა, რომ მათი აზრი არ აინტერესებთ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ურთულეს გეოპოლიტიკურ წერტილშია, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთის უგულვებელყოფა ქვეყანაში რუსეთის გაძლიერებას ნიშნავს.

“ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის კომიტეტების ხელმძღვანელები და ისინი, ვინც საქართველოზე მუშაობენ, ძალიან  ნათელ პოზიციას აფიქსირებენ. საქართველოში დემოკრატიის კლებას ისინი ვერ მიიღებენ, ამაზე თვალს ვერ დახუჭავენ და დემოკრატიის კლების ერთ-ერთი ფაქტი არის პოლიტიკოსების დევნა.  საქართველოში დიპლომატიური კორპუსის დასპონსორებული მრგვალი მაგიდა იქმნება იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ საარჩევნო კონსესუსამდე. ამ ფონზე კი ყველა ნორმისა და სტანდარტის დარღვევით ხდება ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის დაკავება. შანსი არ არის, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

მსგავსი თემები