“კატეგორიულად გამოვრიცხავ ფიზიკურ შეხებას” – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიზიკურ შეხებას კატეგორიულად გამორიცხავს ამ საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. 

“ნაჩქარევი იქნება, რომ შევაფასოთ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ალექსანდრე გეჯაძის მიმართ, რადგან ჯერ კომპლექსური ექსპერტიზა არ ჩატარებულა და აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ბატონი ალექსანდრე გეჯაძის შეფასება ნაჩქარევია. კომპლექსური ექსპერტიზის სპეციფიკა გამომდინარეობს იქიდან, რომ სისხლჩაქცევები თუ აქვს გვამს, რის საფუძველზე აქვს.

ჩემი შეფასებით, სისხლჩაქცევების არსებობა არ არის ახალი გარემოება, იმიტომ, რომ ჯერ უნდა დაიდოს ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც გარდაცვლილმა დაზიანებები მიიღო, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი თუ მას შემდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და ამაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. ჩვენ, დაცვის მხარე, ველოდებით ექსპერტიზის პასუხს.

რაც შეეხება იმას, რომ შესაძლებელია, ბრალი დამძიმდეს, ვფიქრობ, არ შეესაბამება იმ ლოგიკურ ჯაჭვს, რაზეც დაცვის მხარე და პროკურატურა საუბრობს.  თამამად შემიძლია ვთქვა, ჩვენებებისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც საქმეში არსებობს, მკვლელობას კატეგორიულად გამოვრიცხავ. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თუ გვამზე სხვადასხვა პროფილის დნმ აღმოჩნდება და  შესაბამისობაში იქნება, მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ან სხვასთან, მერე შესაძლებელია, პროკურატურას გაუჩნდეს ვერსია, რომ გარდაცვლილთან ურთიერთშეხება ჰქონდათ და ბრალეულობა შეიცვალოს, მაგრამ მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ფიზიკურ შეხებას,”- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულში აღმოჩენილი ჰემატომა შეუძლებელია, გამოწვეულიყო მუშტის ერთჯერადი დარტყმით, თუმცა, შესაძლებელია, განვითარებულიყო დაგორებითაც. ექსპერტი აღნიშნავს, რომ კატეგორიული დასკვნების გაკეთების საშუალება ლაბორატორიული გამოკვლევების და საერთო მონაცემების შეჯერების შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

მსგავსი თემები