“ეს ხალხი ვაშლს თლიდეს და ხელი გაეჭრას, “ქართულ ოცნებას” დააბრალებს” – მამუკა მდინარაძე

“ეს ხალხი სამზარეულოში ვაშლს თლიდეს და ხელი გაეჭრას, “ქართულ ოცნებას” დააბრალებს. გასაგებია, მაგრამ ჯერ გავერკვიოთ რაშია საქმე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე, დღეს, აეროპორტში გიგი უგულავასა და გოკა გაბაძვილზე თავდასხმის ფაქტს. 

“ევროპული საქართველოს” ლიდერებზე თავდასხმის ფაქტს მმართველი გუნდის სხვა დეპუტატებიც გამოეხმაურნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ თავდასხმა ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ ფონს უკავშირდება.

“მე პირიქით ვიტყოდი, ხომ არ არის ეს ბატონი გიგისა და ბატონი გოკას ქმედებების შედეგი?! თუმცა ამასაც არ აქვს მნიშვნელობა”, – ამბობს მაია ცქიტიშვილი.

დედაქალაქის მერის თქმით, მიუღებელია, ყველა დაპირისპირებისას ხელის გაშვერა “ქართული ოცნებისკენ”.

“მე ვეწინააღმდეგები ყოველგვარ დაპირისპირებას, შეურაცხყოფას ადამიანების. ვფიქრობ, ეს კატეგორიულად მიუღებელია ისევე, როგორც ყველა დაპირისპირებისას ხელის გაშვერა “ქართული ოცნებისკენ,” – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ.

მსგავსი თემები